ფუმფულა

💚ტ ო ბ ი💚

      გათენდა 03.08.2018 წ-ის დილა და წავედი დაპირებული ლეკვის მოსაყვანად...

     ჯერ სულ პატარა იყო; თვალებიც კი ახალი ახელილი ჰქონდა, ჭამაც არ იცოდა კარგად. თავიდან ცოტა მორცხვი იყო. მასზე დიდები ცდილობდნენ მის დაჩაგვრას, მაგრამ მაინც უმკლავდებოდა. ეზოში, რომ გაივლიდა  ეს პატარა სიპათიური არსება, ერთ სიამოვნებად ღირდა მისი ყურება. (ალბათ გიკვირთ, რატომ ვწერ წარსულში; არა წარსულსი კი არ ვწერ, უბრალოდ ეს ამბავი გასულია და პოსტს ვწერ ორი თვის შემდეგ.) ძალიან ფუმფულა და საყვარელია. მოფერებით ხან ფუმფულას, ხან კი ქუნქულას ვეძახი.
   სახელად „ტობი“ ჰქვია. ეს შემოკლებით თუ არა ისე „ტობიასი“ არის მისი სახელი. რადგან უცხოური სახელია, ამიტომ გაუჭირდათ მისი დამახსოვრება და ზოგი „დოპი“-ს ეძახის, ზოგი „ბობი“-ს და  ზოგი კი „ბუნგო“-ს, მაგრამ იგი შეეჩვია თავის კუთვნილ სახელს „ტობი“-ს და დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ, როგორ მიმართავენ. იგი მხოლოდ კუთვნილ სახელზე რეაგირებს, რადგან ყველაზე ხშირად მას მე ვეძახი.
    ჩემი „ტობი“ ნაგაზის ჯიშია. ძალიან საყვარელი და ფუმფულაა. არის საკმაოდ ცელქი და ჭკვიანი. იგი ძალიან სათნო და მოსიყვარულეა. უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით როდესაც ესაუბრებიან და ეფერებიან. ცოტა გიჟია, მაგრამ ერთხელ ნათქვამი თუ არ ესმის, უკვე მეორედ ნათქვამზე საკმაოდ დამჯერი ხდება. ჯერ პატარაა და ალბათ მაგიტომ; თუ არა ვფიქრობ, მომავალში ერთჯერ თქმაც აღარ დასჭირდება.
    აქვს ძალიან ლამაზი მოყვანილობის სახე და თვალები. თვალის ფერი არაბუნებრივად მუქი ლურჯია, თითქოს მუქ შავშიც გადადის, რომელსაც სილურჯე დაჰკრავს.
საკმაოდ ბრაზიანია, თუ რამეზე გაბრაზდა, წასულია ყველას საქმე. ძალიან უყვარს ის ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ. მათ შორის ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ, რადგან მთელი თვე ნახევრის განმავლობაში ისე ვზრუნავდი მასზე, როგორც პატარა ბავშვზე იზურნებს ადამიანი. ღამეც კი სამჯერ ვუთბობდი საჭმელ,  რომ ეჭამა და დილამდე მშვიდად დასძინებოდა დილამდე; ამიტომ ისე ჩემეჩვია, რომ თუ სადმე წავიდოდი აუცილებლად მძებნიდა და ჩემს გვერდით მოკალათდებოდა. ვიდრე პატარა იყო ხელითაც ვატარებდი თუ დაიღლებოდა  ხოლმე, მაგრამ ახლა ცოტათი გაიზარდა და დამძიმდა, ამიტომ ცოტა მიძნელდება მისი ხელით ტარება.
    უკვე სკოლა დაიწყო. სამუშაოდ წავედი და ტობის დატოვება თითო კვირით მიწევს, მხოლოდ პარასკევი, შაბათი, კვირა ვნახულობ. ამ დროის განმავლობაში ძალიან მეტრაბა ეს მოუსვენარი არსება და მისი მხიარული ბუნება,  მაგრამ ვიცი რომ საიმედო ხელში ვტოვებ. მართლაც ასეა, დღითი-დღე უფრო გაზრდილი მხვდება ჩემი მოუსვენარი, ცელქი, მოსიყვარულე და ლამაზ თვალება „ტობი“.
   „ტობი“ იმდენად არის მიჩვეული ჩემზე, რომ მასაც ძალიან ვენატრები. როდესაც მივდივარ სახლიდან, გრძნობს, რომ მთელი კვირით ვერ მნახავს და ამიტომ თან მომდევს. ვიდრე ვინმე არ დაიჭერს, მანამდემდე ცდილობს გამოყოლას.
    ვენატრები... თან როგორ ! ეს იმ დღეს დაამტკიცა. რაღაც ნივთი აუღია და თამაშობდა. (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ „აფუჭებდა“.) ხოდა ვერავინ წაართვა. დეიდამ თქვა: „ვსდიე და ვუყვირე, გადამღალა, მაგრამ ნივთი ვერ დავაგდებინე. ბოლოს კი იძულებული გავხდი, დავჯექი და ვუყურებდი, როგორ ღრნიდა ნივთს. მაგრამ როდესაც შენ დაუძახე, ნივთს პირი გაუშვა, თავი ასწია და მიაყურადა. ხოლო როდესაც  მეორედ დაუძახე, ყურები აცქვიტა და გამოიქცა სიხარულით, მაგრამ კი არ მორბოდა მოფრინავდა.“
   ჩემმა დამ თქვა: „ არ ვიცი, როგორ გააღო სახლია კარი, მაგრამ შემოსულა, შეანს საწოლთან მისულა, ორ თათზე დამდგარა და ყეფდა, თითქოს გეძახდა.“
  როცა დედა ტელეფონზე მესაუბრება, დაუძახებს, ტელეფონს ყურთან მიუტანს, როდესაც ჩემს ხმას უსმენს სიხარულით ყურებს ცქვეტს და ყეფს, თითქოს ისიც იქიდან საუბრობას.
    ''ტობი"ისეთი არსებაა, რომ მის დასახასიათებლად სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ, რადგან თვინიერი, მეგობრული, მოსიყვარულე და ძალიან კეთილია. სითბოსაც თავისებურად „კბენით“ გამოხატავს.
    გაიზარდა, დაჭკვიანდა,თითქოს დიდი ძაღლი გადა, დღედაღამ ყეფს, არ ჩერდება, არ ისვენებს, მაგრამ ცოტა შიში აქვს მანქანის ხმაურის ან მასზე ცოტა დიდი არსებების. შეშინებული, რომ გამოიქცევა, თბილად ჩაგეხუტება და გული ისე ძალიან უცემს, ლამის საგულიდან გადმოდის. ჯერ ისევ ლეკვია და მაგიტომ, მაგრამ დიდი გული კი აქვს.
   მაგრამ დღეს მოინდომა, რომ „მავნე“ არსებად ქცეულიყო, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი - „მონსტრად“. ეზოში ვსეირნობდი, ტობიც მოვიდა და თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წუთში თვალთახედვიდან  გაქრა; ვიფიქრე ეზოს ზედა მხარეს ერთობოდა თამაშით, მაგრამ არა ძალიან შევცდი. უეცრად ქათმის საშინელი კრიალის ხმა მომესმა მომესმა, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უჭირდა.  ახლოს მივედი და წინ საზარელი სურათი გადამეშალა. საცოდავი ქათამი ტობის კლანჭებში მოექცია და ეთამაშებოდა, მაგრამ სინამდვილეში ცოცხლად აცლიდა ბუმბულს. ზედმეტად არც კი უკბენია, უბრალოდ ასე ერთობოდა. როდესაც დამინახა მიხვდა, რომ ცუდი რომ ჩაიდინა და აუცილებლად დაისჯებოდა (აქამდე არასოდეს დასჯილა) და გაიქცა, რადგან დამინახა, რომ ხელში მცირე, მაგარამ საკმაოდ მწარე წკნელი ავიღე. მეც დავედევნე და ვენახთან რომ მივიდა მაშინ ვუთავაზე ერთი-ორჯერ, თუმცა არც ისე ძლიერად, მაგრამ ძალიან ეწყინა ეს საქციელი ჩემგან.
     გაბრაზდა და თან ძალიან ეწყინა ჩემგან, ამიტომ უკან მოუხედავად გაიქცა. გარბოდა, მაგრამ არ იცოდა სად უნდა წასულიყო, ერთხელა მოიხედა მხოლო და დარწმუნდა კიდევ ხომ არ მივდევდი.  მაგრამ პირიქით  გაოგნებელი  ვიყავი მისი საქციელით, თუ როგორი გაბრაზება ცოდნია.  თურმე ჩემზე მეტი გაბრაზებაც  კი კი, შემეშინდა რომ არ დაკარგულიყო, რადგან საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა, ამიტომ უკან დავედევნე და ვთხოვდი, რომ  რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ უშედეგო, თვალთახედვიდან დავკარგე ჩემი „პატარა მონსტრი“.მოულოდნელად შევამჩნიე, რომ მეზობლის სახლისკენ შეუხვია, მეზობელს ვთხოვე, მივედი, რომ დამეჭირა და სახლში დამებრუნები, მაგამ იქ მისული რომ დამინახა გეზეი სახლისკენ აიღო და გაიქცა; ისეთი გაბრაზებული დარბოდა, რომ მეზობელმაც კი ვერ მოახერხა მისი დაჭერა, რადგან ლამის დიდ ძაღლად ქცეულიყო, ისე იღრინებოდა. უკან დავედევნე და დავინახე, რომ  მეორე სართულს მიაშურა, კიბე სწრაფად აირბინა და ბოლო ოთახში შეყუჟულა. მივედი და ვნახე, რომ ტობი  იატაკზე დამჯდარა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა და პატარა ბავშვივით სლუქუნებდა. მივხვდი, რომ ცრემლის გარეშე ტიროდა გულამომჯდარი. გაქცევა აღარ უცდია, რადგან დაინახა, რომ ტკბილი ხმით ვეძახდი და თან ვუბოდიშებდი, რადგან იმ მომენტში მეც არანაკლე „მონსტრად“ ვიქეცი. ასეთ მდგომარეობაში, რომ დავინახე, გული მომიკვდა და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. გულში ვიძახდი: - „ ხელი რატომ არ მომტყდა, როდესაც ხელი ცუდად დაგაკარე მეთქი.“ ახლოს მივედი, გვერდით მივუჯექი, მაგრად ჩავიხუტე და ვესაუბრე, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო და ვთხოვე, რომ შემრიგებოდა, თან უამრავი ბოდიში მოვუხადე. ცოტა დამშვიდდა და ისეთი ისეთი შეშინებული აღარ იყო. ვთხოვე, რომ თუ შევრიგდით და მაპატიე, როგორმე მანიშნე მეთქი. ტობიმ კი ხელზე ლოკვავა დამიწყო და ამომხედა თავისი სათნო, დიდი, ლამაზი თვალებით. ეს კი ნიშნავდა, რომ შევრიგდით. მაწყენინა და ვაწყენინე, გამაბრაზა და გავაბრაზე ძალიან, ეს კი მოხდა პირველად და უკანასკნელად. მეორე დღეს მე და ტობი ისევ ძველებურად ვმეგობრობდით და ისევ ისე ვმხიარულობდით.
   ასვლა მიხარია, რადგან ვიცი, რომ ეზოში შესვლისთანავე ტობის, რომ დავუძახებ, მაშინვე რეაგირებას მოახდენს და კუდისქიცინით და მომღიმარი, ხალიასიანი თვალებით შემხვდება და სულ თამაშ-თამაშით ამყვება სახლამდე. ასეთი სათნო არსება ჯერ არსად არ მინახავს, ისეთი მოსიყვარულეა, ზოგჯერ მიჭირს მას ძაღლი ვუწოდო და ზო ადამიანს კი ადამიანი. როდესაც დილით გამოცდაზე მივდივარ და ტობი მეტამაშება წასვლამდე, ის დღე აუცილებლად წარმატებული არის ჩემთვის, მოკლედ ჩემი თილისმაა. ასეთი ხალისით, რომ ვინმე გაგაცილებს, ის დღე წარუმატებელი ვერასოდეს იქნება. ვამაყობ, ასეთი ჭკვიანი და დახვეწილი არსება ჩემი გაზრდილია.
     ისე „ჭამის მინისტრია“ 😂. გიჟდება ისე უყვარს ხინკალი, ძეხვი, ხორცი და პური . ალბათ სულ, რომ აჭამო არ მოწყინდება. თუ ძინავს და რომელიმე ეს საჭმელი ცხვირთან მიუტანე ძილის დროს, სულ რომ ძლიერ გამაძღარი იყოს, მაინც წამოვარდება ფეხზე და მადლიერების ნიშნად კუდს გიქიცინებს, გეალერსება და გეთამაშება. არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება დავახასიათო, ისეთი თბილი და მოსიყვარულეა. რადგან ჩემი გაზრდილია, მარტო მე არ ვგიჟდები ჩემს „ცუგოზე“, მთელს სამეზობლოს და უბანს უყვარს თავისი თბილი ხასიათის გამო. დღითიდღე იზრდება, ვერ იტყვი, რომ ოთხი თვის უნდა გახდეს ნოემბრის ბოლოს.
     16 ნოემბერია, მეორე დღეს გამოცდა მაქვს და ლამის გავათენე იმ დღეს. ღამის ხუთი საათი ხდებოდა, რომ უეცრად მისაღები ოთახის ფანჯარაზე, სადაც მე ვმეცადინეობდი, ხელის მორტყმის ხმა გავიგე. ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგან ვერავინ დავინახე, ან ვინ უნდა ყოფილიყო იმ შუაღამეს. გავიდა ზუსად  ორი წუთი და კვლავ განმეორდა ეს ხმა, გავიხედე და  რას ვხედავ, ტობი ცალი თათით დაკიდებულიყო ფანჯარაზე და მეორე თათით ფანჯარაზე არახუნებდა. თავიდან მეგონა, რომ მეტსმეტად მეძინება ეტობა და მელანდება მეთქი, მაგრამ არა შევცდი ეს სინამდვილე იყო რადგან, როდესაც დაარახუნდა და მეც მივიხედე, კვლავ ღიმილიანი თვალებით მიყურებდა. გამიკვირდა იქ როგორ შეძლო აძრომა, რადგან ფანჯარა ძალიან მაღალზე იყო, დაახლოვებით 1.5 მეტრზე. გავედი და ჩამოხტა, ისევ ხალისიანად მეთამაშა, შემდეგ თავის საძინებელზე მოკალათდა და მანიშნა, რომ დამეფარებინა მისთვის, რომ არ შეცივნოდა და მშვიდად დაეძინა. პატარა ბავშვივით დაფარებას მყავდა მიჩვეული. დიდი უცნაური ვინმეა.
        გიორგობა დღე იყო, ტრადიციულად პარასკევი დღე, 11 საათი და ავედი სახლში, იმ იმედით, რომ ჩემს მომღიმარ ტობის ვნახავდი და ძველებურად ვეთამაშებოდი. მაგრამ უცნაურია რამ მოხდა. დავუძახე და რეაგირება არ მოჰყვა ჩემს დაძახილს „ტობი“. არც შემომეგება. ვეიფიქრე სახლში არ არის მეთქი ან ეზოდან იყო გასული, მაგარამ არა მწარედ შევცდი. მივედი და რას ვხედავ, ჩემი ტობი ცუდად იყო და იწვა. შემომხედა საწყალი თვალებით, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უჭირდა, აღარ ჰქონდა ძველებურად ღიმილიანი და ხალისიანი თვალები, რომლის დანახვაც ძალიან მინდოდა და მონატრებული მქონდა. მივედი მოვეფერე, პატარა ცხვირი სულ მთლად გაჰყინოდა. გული შემეკუმშა ასეთ მდგომარეობაში, რომ დავინახე. არც არაფერს ჭამდა, პირს არაფერს აკარებდა. სახლში შევედი ჩანთები დავტოვე კვლავ გავაკითხე ტობის, მაგრამ ამაოდ. ტობი კუთვნილ ადგილზე აღარ დამხვდა. ვინერვიულე, მაგრამ ოჯახის წევრებმა მითხრეს ღამითაც წავიდა ეგრე და  მალე დაბრუნდა და ამიტომ დაელოდე ცოტახანსო.
გავიდა ერთი საათი, ზუსტად თორმეტი საათია და ტობი არ ჩანს.
გახდა პირველი საათი, ისევ არ ჩანს.......
გახდა ორი საათი, ისევ არ ჩანს.......
გახდა სამი საათი, ისევ არ ჩანს.......
გახდა ოთხი საათი, ისევ არ ჩანს.......
გახდა ხუთი საათი საათი, ისევ არ ჩანს....... 
     მთელი ამ დროის გამავლობაში, თორმეტი საათის მერე ვეძებდი ტობის, მაგარამ ამაოდ, უშედეგოდ. სად არ ვიარე, სად არ ვეძებე. მთელი უბანი შემოვიარე, მდინარის ნაპირებზეც კი ვეძებე მაგრამ ამაოდ, ტობი ვერსად ვნახე. ამასობაში ექვსი საათიც მოვიდა და ტობი ისევ არსად იყო. სახლში თქვეს კარგმა ძაღლმა თუ იგრძნო სიკვდილის მოახლოვება, ის აუცილებლად წავა სახლიდანო, მაგრამ ვერ შევეგუე ამას, რომ ჩემი სათუთად გაზრდილი „ტობი“ შეიძლება მომკვდარიყო. ამიტომ ისევ ძებნას შევუდექი, მაგრამ ამაოდ. უეცრად დეიდის დაძახების ხმა მომესმა, მეზობლის ეზოში გადადი, რაღაცას ვხედავ და ვერ გავარჩიე, მგონი „ტობი“ უნდა იყოს და მგონი მკვდარია, არ ინძრევაო. ეს, რომ გავიგე როგორ ან საიდან მოვხვდი იმ ეზოში ვერც მივხდი, ისე თავზარ დაცემული გავრბოდი.
    მივედი და რას ვხედავ, ჩემი ტობი მეზობლის ეზოში ხის ძირას იწვა და განძრევის თავი აღარ ჰქონდა. დავუძახე და ერთი ამომხედა, იფიქრა იქნებ რამე მიშველოსო, ძალიან ცუდად ოყო. ავიყვანე ხელში, სულ მთლად გაყინულა, ჩავიხუტე და წამოვიყვანე. როდეს მომყავდა, ორივე თათით კისერზე მაგრად მომხვია, თავი მხარზე გადამადო და ასე ჩახუტებული მივიყანე სახლამდე. რა აღარ ვუწამლეთ, თითქოს მობრუნდა კიდეც. უკვე რეაგირებას ახდენდა, როდესაც ვეძახდი, მაგრამ ადგომა უჭირდა. ისევ შუაღამემდე ვმეცადინეობდი, დროდადრო კიდეც ვხედავდი ჩემს ტობის. თვალები ცრემლიანი და ჩაცვენილი ჰქონდა. მაგრამ ჩემს სიარულს თვალს ადევნებდა. საითაც მივდიოდი, იქით მადევნებდა თვალს. ასეთ მგომერეობაში რომ ვხედავდი, გული და სული ერთდროულად მეკუმშებოდა.
     გათენდა 24 ნოემბერი, პირველ რიგში ტობი მოვინახულე, შედარებით უკეთესად იყო, რადგან როდესაც რემბო და შარიკა ეზოს გარეთ გავიდნენ ცოტა იწუწუნა. მე გამოცდაზე მივდიოდი, ამიტომ დავემშვიდობე თბილად ჩემს ტობის და ვთხოვე, რომ ისე კარგად და ხალისიანად დამხვედროდა.
    სახლში ექვს საათზე დავბრუნდი. ტობი ეზოში აღარ დამხვდა, მეგონა ისევ სადმე წავიდა. სახლში შესულმა პირველ რიგში ტობი მოვიკითხე, მითხრეს, რომ ისევ სადღაც წავიდა და ალბათ მოვაო.  წასვლა დავაპირე მის საძებნად, მაგრამ მითხრეს რომ ახლა სად უნდა ეძებო, მაგრამ ალბათ ბაბუამ იფიქრა გამოცდიდან მოსული დაღლილია, ეს არ გაჩერდება და მაინც საძებნად წავაო და მითხრა, რომ ტობი დაიღუპა, რომ აღარ იყო ამ ქვეყნად.
  ტობის სახეული მოვითხოვე, რომ დამეკრძალა და პატივი მიმეგო, მაგრამ დედამ მითხრა: „ვიცი შენ არ ხარ მომხრე, რომ სხეული მიწაში დალპეს, ეს ადამიანი იქნება თუ ცხოველიო, ამიტომ ისეთ ადგილას წავიყვანე, რომ საჭირო არ არის, რომ იცოდე, არ მინდა ინერვიულოო.“
    მაგრამ სანერვიულოს რა დალევდა. იმ წუთას გული შემეკუმშა, სული მეტკია, ნერვები ერთიანად დამაწყდა, ენით აუღწერელი ტკივილი ვიგრძენი, ისეთი რომელიც აქამდე არასოდეს მიგვრძვინა. სული მეწვოდა მეტი გულის ტკივილით. ის ღამე როდესაც ტობი უკვე აღარ იყო, ვერ წარმოიდგენდით როგორი ცარიელი იყო მთელი ეზო. არ ისმოდა ტობის ყეფის ხმა, მისი სირბილისა და კარებზე მოკაკუნების ხმა. ძაღლებიც კი აღარ იღებდნენ ხმას. ალბათ ისინიც გრძნობდნენ ტობის ტკივილით გამოწვეულს გულში. მათაც ხომ ძალიან უყვარდათ ეს მხიარული სათნო არსება.  
    ასე წავიდა და გამიფრინდა ხელიდან ჩემი ტობი, რომელიც ოთხი თვის ხდებოდა.
ძალიან უნდოდა სიცოცხლე... იცოდა როგორ ძალიან მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი, ამიტომ, ჩემს უნახავად მაინც არ წავიდა, არ დატოვა ეს ქვეყანა.
  დამემშვიდობა თავისი ცრემლიანი თვალებით, კარგად დამიმახსოვრა მისი გამზრდელი და გამთამამებელი. თავადაც კარგად დამამახსოვრა თავი და ისე წავიდა. ისეთი სითბო და სიყვარული დატოვა ოჯახში და მთელს უბანში, რომ ყველას დიდი ტკივილი დაუტოვა გულში.
  ჩემი სათნო, ენერგიული, მოსიყვარულე, მხიარული, თვალებ ბრიალა ქუნქულა და ფუმფულა ტობი გამიფრინდა ხელიდან.
წავიდა.....
 გაფრინდა მისი ლამაზი სული ცაში. ამბობენ ღმერთს ის მიჰყავს თავისთან ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანია თუ ცხოველი ეს.
წავიდა....
აღარ დაბრუნდება....
სახლში, რომ ავალ და დავიძახებ, არაღ შემეგეგბება კუდის ქიცინით.
დაგვტოვა.....
   აღარ შემომხედავს მომღიმარი ხალისიანი სახით, დიდი სათნო და კეთილი თვალებით.
რომ ვფიქრობ, რომ ვერასოდეს ვნახავ, სული მეკუმშება, გული მიკვდება, ერთიანად ვიყინები.
  ადამიანისა და ძაღლის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა, პირველად ვიგრძენი. ეს იყო დიდი მეგობრობა, ალბათ იმიტომ, რომ ცხოველებს ყველაზე მეტად ესმის ჩვენი, იზიარებენ ჩვენს სიხარულსაც და ტკივილსაც, უხარიათ ჩვენი სიხარული. მითუმეტეს „ჩემი პატარა მეგობარი, ჩემი თილისმაც იყო“. ტობის დაღუპვამ თან გაიყოლა ჩემი გულიც, ამ უსამართლო ცხოვრებას უფრო ძლიერ მოღალატედ ვთვლი. ის ხომ ჩემი დიდი მეგობარი იყო, რომელიც მუდამ ჩემს გულში დარჩება, ისეთი ხალისიანი და ცოტა ეშმაკური გამოხედვით, როგორმაც თავი ყველას შეგვაყვარა.
  მომენატრება ტობი... მისი გამოხედვა... მისი ხალისიანი მზერა... მისი სრბილი.... მისი ყეფა.... მისთან თამაში.
  მომენატრება მისი თათის ჩამორთმევა, რომელიც კარგად იცოდა და ადვილადაც შეისწავლა. მომენატრება როდესაც ჭამის დრო, რამეს მივაწოდებდი, ის კი თათს ხელზე დამადებდა და ხელს დაბლა დამაწევიებდა, რომ უფრო კომფორტულად ეჭამა „ჩემს ზარმაცას“. 
  მომენატრება მთლიანად ტობი, რომლისგანაც მხოლოდ მისი სურათები და ვიდეოები და საუკეთესო მოგონებები დამრჩა.
   არ ვიცი ეს ტკივილი გამივლის ან დამავიწყდება  ოდესმე?! არა მგონია......
  ეჰ ცხოვრებავ! ვიცოდი როგორი დაუნდობელის იყავი და  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, შენს უსამართლო ქცევებსა და ქმედებებში. რამ გაგაბოროტა ასე, რომ არავის დანდობა არ იცი. რა მოხდებოდა, რომ ეცოცხლა და გაზრდილიყო, ხომ იცოდი, რომ ძალიან კეთილი და სათნო იზრდებოდა. შენ არც ადამიანს ინდობ და არც ცხოველს.
ცხოველსო?! ასე ვთქვი?! არა ცხოველი თვითონ ხარ „დაუნდობელო, უნიათო,  ეგოისტო  ცხოვრებავ“.

© 2019 წ. / მარეხ მარგველაშვილი






No comments:

Post a Comment

   სამყარო ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი . სამყაროს ხიბლს მატებს ბუნების სილამაზე , რომელიც სავსეა არა მარტო ზღვებით , ტბებით...